დათა ვანიშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს. ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპას დაკრძალვის ცერემონიალი 3 საათზე დაიწყება.
“კურიერი” ამ წუთებში ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან იმყოფება. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადების საშუალება საოკუპაციო ხაზს აქეთ მყოფ მოქალაქეებს არ აქვთ და ისინი მავთულხლართებთან მისვლით მიაგებენ პატივს გარდაცვლილის ხსოვნას. სამოქალაქო აქტივისტები, საჯარო მოხელეები და პარტიული აქტივისტები, სამძიმრის ნიშნად, მავთულხლართებს ყვავილებით და გვირგვინებით ამკობენ.
რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციის და გუბერნიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთაც გარდაცვლილის შვილს მავთულხლართებს მიღმა მიუსამძიმრეს.
გარდაცვლილის მეუღლის ინფორმაციით, მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან პირობა მიიღო, რომ სამგლოვიარო პროცესიაზე მისულ ნათესავებს და ოჯახის წევრებს შეფერხების გარეშე გაატარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ამ მიმართულებით ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა, ამ დრომდე ზუსტდება, თუ რა ფორმით მოხდება ეს ყველაფერი.
დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა.
უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.