დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა თუ რეალური საფრთხე გაჩნდება, მერიას შესაბამის სამსახურებთან ერთად ევაკუაციის გეგმა უკვე აქვს.
მისი თქმით, თუ დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი იქნება მოსახლეობის გაყვანა, ევაკუაციის კონკრეტული გეგმის მიხედვით იმოქმედებენ.
„ვაკვირდებით მეწყრული მასების გადაადგილებას, მათ სიჩქარეს. რამდენიმე ექსპერტის მიერ შედგენილია რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტი, ასევე მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და გადაწყვეტილია, რომ ამ ეტაპზე იქ საფრთხე არ არის, მაგრამ თუ პროცესები გაუარესდება და რეალური საფრთხე იარსებებს მოსახლეობასთან მიმართებით, მზად ვართ, შესაბამის სამსახურებთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიების ჩასატარებლად.
დაგეგმილი გვაქვს, რომ უშუალოდ ფერდს ბუნებრივი მდგომარეობა დავუბრუნოთ. ეს შექმნის წინაღობას თვითონ ამ მეწყრის გადაადგილებასთან მიმართებით. ამის შემდეგ ეს გადაადგილება იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო და შეგვეძლება უშუალოდ მეწყრულ არეალში სამუშაოების დაწყება. შესაბამისი სამსახურების მიერ შედგენილია ევაკუაციის გეგმა. ამის გამოყენების აუცილებლობა დღეს არ არსებობს, თუმცა ბოლომდე მართვად სისტემასთან არ გვაქვს საქმე. მეწყერი ჯერ არ არის დასტაბილურებული და პროგრესირებს შესაბამისად, ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ.
გვაქვს კონკრეტული მონაცემი, რა შემთხვევაში შეიძლება ამ მეწყრულმა პროცესმა მიიღოს მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა. შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა, წინასწარ მოსახლეობის გაყვანა და მათთვის მინიმალური მოცულობის დისკომფორტის შექმნა, ჩვენი მიზანი არ არის. მაგრამ თუ დადგა ეტაპი, როდესაც აუცილებელი იქნება მოსახლეობის გაყვანა, ევაკუაციის კონკრეტული გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.