მესამე ტალღის ალბათობა ძალიან გაიზრდება, თუ მოსახლეობა არ აიცრება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ეს საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს.
„ვაქცინების არგამოყენების შემთხვევაში, მესამე ტალღის ალბათობა ძალიან იზრდება და უკვე მკვეთრადაც იზრდება. ვირუსის გავრცელებაზე მოქმედებს სულ რამდენიმე ფაქტორი, ეს არის მობილობა, მექანიკურად შეზღუდო, ადამიანები სახლში დასვა, აიძულო მათ პირბადე, რომელიც ამცირებს ვირუსის გავრცელების პოტენციალს და მესამე, ეს არის ვაქცინაციის ფაქტორი.
ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ცხოვრება, რომ ქვეყანაში არ გაღრმავდეს ეკონომიკური კრიზისი, რაც პრობლემას შეუქმნის თითოეულ მოქალაქეს. ამიტომაც, ვაქცინაცია და პირბადე დარჩა ის, რაც თავიდან აგვაცილებს ლოკდაუნს. რატომღაც, როცა მცირდება შემთხვევები, ყველას ჰგონია, ეს ასე გაგრძელდება. პირბადის ტარების 42-პროცენტიანი ნიშნული ზუსტად აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგია.
ჩემთვის, პირადად, ვაქცინაციის საკითხი არის სრულიად ზესახელმწიფოებრივი. ჩემთვის მთავარია მიზნის მიღწევა. ნებისმიერი გზა, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდო ვაქცინების თაობაზე, მათთან ასოცირებულ თუნდაც გვერდით მოვლენებზე, სიკეთეზე, რაც მასთან არის დაკავშირებული, არ დამეზარება და წავალ ყველა რაიონსა და სოფელში“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.