პანდემიამ ცხოვრების წესი შეცვალა, ყველაფერი იცვლება, მსოფლიო ეკონომიკაც შეიცვლება და როცა გამოვალთ პანდემიიდან, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, სამსახურს ვეღარ იპოვის. მინდა, ჩვენს ახალგაზრდებს ვთხოვო, გააძლიერონ განათლების მიღება, ვინც უმაღლესში სწავლობს, კარგად ისწავლოს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში, დღეს ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე იაკობმა პანდემიის შემდეგ მოსალოდნელ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, ახალგაზრდებს მიმართა და განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„პროფესიულ სასწავლებლებში ვინც სწავლობს, მიხედონ ახალი პროფესიების ათვისებას. საქართველოში 30 ათასზე მეტი აბიტურიენტი გვყავს ხოლმე. ამდენი ადამიანი მანამდე არ სჭირდებოდა ქვეყანას და როდესაც პანდემია გადაივლის, ნახავთ, რომ მოთხოვნილება კადრებზე აღარ იქნება. ტრანსნაციონალური კომპანიები ცდილობენ, ადამიანები სხვადასხვა ტექნიკით, რობოტით ჩაანაცვლონ.
ჩვენთანაც, ძალიან ძლიერი თუ არ იყავი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ვერაფერს იზამ. მაშინ, როდესაც სკოლის ბოლო წელი წესიერად ვერ ისწავლე, უმაღლესშიც ახლა თავს იტყუებ და მარტო დისტანციური სწავლა რაღაც გგონია. თუ უმაღლეს სასწავლებელში არ იარე, სადაც ახლა კარი ღიაა, როცა დაამთავრებ ვის დასჭირდები? მარტო სახლში ჯდომით და გარეთ გაუსვლელობით ვერაფერს ვნახავთ. შიში ვერაფრისგან დაგვიცავს, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ გონიერი არსება იმას ფიქრობს, შემდგომში რა იქნება. რასაც მე გეუბნებით, ამას ვნახავთ, რომ ცოტა ხანში, ასე იქნება. თქვენც, როცა დაამთავრებთ, როდესაც უნარ-ჩვევები არ გექნებათ, არაფერი გექნებათ. უნდა დაფიქრდეთ, ვინ არის თქვენი კეთილმოსურნე, ის, ვინც გაძლევთ საშუალებას, თქვენს თაობასთან ერთად, კონკურენტუნარიანები გაიზარდოთ, თუ ისინი, ვინც მოგიწოდებენ, რომ ისხდეთ სახლში. რაში იხდით ფულს, სწავლა ხომ ფული ღირს. ამიტომ, თუ ლექტორიც არ გაიცანი, ლექტორიც ზარმაცდება და შენც ზარმაცდები. იოლი გზით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, რადგან პროფესიონალიზმი იქნება მთავარი მოთხოვნა. მარტო სახლში ჯდომით, დამალვით, არაფერი გამოვა. თქვენ თავს თუ არ გამოადგებით, გამორიცხულია ვინმეს, ან ოჯახს გამოადგეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.