გვინდა, მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული გეგმა ათწლიანი განვითარების თითოეული სექტორის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ კრიზისს ბიზნესის გარეშე მთავრობა ვერ დაძლევს.
„თქვენ გარეშე ჩვენ ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი შენიშვნები, კრიტიკული მოსაზრებები. ღიად გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილი, მოვისმენთ თქვენს რეკომენდაციებსა და რჩევებს.
მაგრამ მხოლოდ მთავრობა ამ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, ვერ დავძლევთ იმ კრიზისსა და პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის დაგროვილი. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესს დღეს სჭირდება სტაბილური გარემო. ამაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პოლიტიკურ სტაბილურობას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება, მაქსიმალურად ვითანამშრომლო ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.