ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ყველამ ერთად, ბიზნესმა და ხელისუფლებამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას დაძლეული კოვიდპანდემიით გამოწვეული შოკი.
მინისტრის თქმით, ყველა პროგნოზით საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თქვენ, ბიზნესსაზოგადოებამ და ჩვენ, ხელისუფლებამ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ კოვიდპანდემიით გამოწვეული შოკი. ყველა პროგნოზით ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს შანსი, ყველაზე უფრო სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შევინარჩუნოთ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში, თუმცა, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.
ამ შემთხვევაში, ჩვენ კოვიდპანდემიას, რომელიც უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის, განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას. ერთი მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გახდეს უფრო ეფექტიანი, უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო ძლიერი, მაგრამ ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის, ჩემი კოლეგებისთვის ეს არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო გაბედული ნაბიჯები და უფრო არასტანდარტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. სწორედ ასეთი მასშტაბური, არასტანდარტული გადაწყვეტილება მივიღეთ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, როდესაც უპრეცედენტოდ მასშტაბური, პრივატიზაციის განახლებული პაკეტი და სტრატეგია შემოგთავაზეთ დღეს.
საუბარი არის 400 მილიონზე მეტი ღირებულების მთლიან პორტფელზე, რომელიც შეთავაზებული არის ბიზნესისთვის, ეს არის მართლაც უპრეცედენტო როგორც საწყისი ღირებულების ზომის თვალსაზრით, ასევე დივერსიფიცირებულობის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის ქონება, ობიექტი, რომელიც არის შეთავაზებული თქვენთვის, იმისათვის, რომ არც ერთი დაუსაქმებელი და გაჩერებული აქტივი ჩვენ არ დაგვრჩეს, არც ერთი დაუმუშავებელი მიწა არ დაგვრჩეს, არაეფექტური საწარმოები არ დაგვრჩეს და ყველგან, სადაც არის შესაძლებლობა და ინტერესი, შემოვიდეს ინვესტიცია და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები,” – ამბობს ნათია თურნავა.