საუბარი, რომ ვიღაცამ ნიკა მელია დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობა დაიწყო, არის წმინდა წყლის სპეკულაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით საქმე აღძრულია კონკრეტულ მძიმე დანაშაულზე, ეს იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა, რასაც მოჰყვა ძალიან მძიმე შედეგები და ამისათვის გათვალისწინებულია კონკრეტული სასჯელი. ნიკანორ მელიას ევალებოდა ერთადერთი რამ, ელექტრონული სამაჯურის ტარება, თუმცა მან გასული წლის ნოემბერში, გადააგდო ეს სამაჯური. ეს იყო შეურაცხყოფის მიყენება სახელმწიფოსთვის. ამის მიუხედავად პროკურატურამ გადადგა მაქსიმალურად რბილი ნაბიჯი, მოითხოვა გირაოს გადახდა. მიუხედავად ასეთი შეურაცხყოფისა, ეს იყო მაქსიმალურად რბილი ზომა. გავიდა გირაოს გადახდის 35-დღიანი ვადა, კიდევ ორი კვირა აცადეს ნიკანორ მელიას, შემდეგ მისცეს ერთკვირიანი ვადა და ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც, რჩებოდა ნიკა მელიას იმის საშუალება, რომ გადაეხადა გირაო. ნიკა მელიამ ამაზე თქვა უარი, უფრო მეტიც, გამოვიდა მძიმედ შეურაცხმყოფელი განცხადებით და ერთადერთი შანსი დაუტოვა სახელმწიფოს, რომ ემოქმედა კანონის შესაბამისად. მელიას დაპატიმრება მოჰყვა მის ნაბიჯებს, მან საკუთარი თავი თვითონ დაიპატიმრა. საუბარი, რომ ვიღაცამ ნიკა მელია დააპატიმრა და შემდეგ ამით ვაჭრობა დაიწყო, არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა კობახიძემ.