შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.
გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიო კავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.