გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაეცათ. დღეს ადვოკატებმა საგამოძიებო უწყებაში მეგი ბაქრაძის ბიძის, ტარიელ ბაქრაძის მონაწილეობით გარდაცვლილი მედდის მობილური ტელეფონი დაათვალიერეს.
ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, მასალები მოცულობითია და მათი შესწავლის შემდეგ ექნებათ დეტალური ინფორმაცია.
„მასალები საკმაოდ მოცულობითია. შევისწავლით უახლოეს პერიოდში ამ მასალებს და შემდეგ გვექნება ბევრად უფრო კვალიფიციური და ინფორმირებული პოზიცია ნებისმიერ დეტალთან მიმართებაში, რაც საქმეს უკავშირდება“ – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
ადვოკატ ნინო ამაღლობელის თქმით, დღეს ადვოკატები ასევე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებაში, სადაც მეგი ბაქრაძის ბიძის, ტარიელ ბაქრაძის მონაწილეობით გარდაცვლილი მედდის მობილური ტელეფონი დაათვალიერეს.
„მოხდა კონკრეტული მოწმეების იდენტიფიცირება. კონკრეტული ჩათის მიმოწერის ავტორების იდენტიფიცირება, რომლებიც საუბრობენ ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიცაა კლინიკა „იმედიდან“ მეგი ბაქრაძის დაგვიანებულ ტრანსპორტირებაზე თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე, ისეთი პირების მიმოწერები, რომლის შინაარსიცაა, რომ მკვდარი წამოიყვანეს ბაქრაძე კლინიკა „იმედიდან“, – განაცხადა ნინო ამაღლობელმა.