მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.
„112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით მდინარეში იყვნენ ჩარჩენილები და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ. მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ, მდინარე ჭერათხევიდან გამოტანილია ავტომობილი და უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანილია მასში მყოფი სამივე მოქალაქე.
მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ადგილზე სამუშაო ოპერაცია უკვე დასრულებულია. სოფელ ალში მუშაობდნენ ხაშურის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ სამსახურში.