ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკში, ტრაიბეკასსაერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, – ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი სახელწოდებით „მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონპაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინო ოპერატორი.
„მეოთხე ბრაიტონი“ წარმოდგენილია კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში, სადაც გაიცემა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მსახიობი (მამაკაცი), საუკეთესო მსახიობი (ქალი).
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. „მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერიასაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელისაქველმოქმედო ფონდი „ქართუ”.
ლევან კოღუაშვილისა და ტრაიბეკასსაერთაშორისო კინოფესტივალის თანამშრომლობა 2006 წელს იწყება, როდესაც რეჟისორმა კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ წარმოადინა.
ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტიალი2001 წელს რობერტ დე ნირომ და ჯეინ როზენტალმა დააარსეს და მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ნიუ-იორკში იმართება. წელს ის 9-20 ივნისს ჩატარდება და სავარაუდოდ, იქნება პირველი მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ 1-წლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკელებს სახლიდან გამოიყვანენ და კინოთეატრებში დააბრუნებენ. ტრაიბეკასსაერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება 64 ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს 23 ქვეყნიდან.