დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმით, რომ დაკრგული თვეების შემდეგ ოპოზიცია შემოვიდა ამ დარბაზში და ამ დარბაზში ასახული სურათი როგორც იქნა მიუახლოვდა ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მათ შორის იმას, რომ ეს თვეები ტყუილად დაიკარგა ცრუ ნარატივზე აგებული პოლიტიკის შედეგად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.
„ამას არავითარი წონადი არგუმენტი ზურგს არ უმყარებდა. ზურგს არ უმყარებდა არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტისა და საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა. ასევე სახელი უნდა დავარქვათ იმას, რომ თუ ვინმე პოლიტპატიმარს ეძახის საკუთარ თავს ამ ქვეყანაში, ნიკა მელიას ვგულისხმობ, ის საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების პატიმარია და ამას დღევანდელი მოვლენებიც გვიდასტურებს. ამ დარბაზში დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ ახალი ფურცლის გადასაშლელად და იმედი მაქვს, რომ ამ ფურცელს გადავშლით და დავიწყებთ მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე საუბარსა და შეთანხმებას ამ ქვეყნის მომავალზე. ვინაიდან იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება და პანდემიის დამანგრეველი ეფექტის გათვალისწინებით, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა, როცა ჩვენ შეგვეძლება ნაკლები დანაკარგებით ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქ ერთად შეკრებითა და რეალური საკითხების განხილვით, არა გამოგონილ ცრუ ბრალდებებზე თვეების გაყვანით, ჩვენ შევძლებთ ამ დარბაზში დავბადოთ იმედი ჩვენი მოსახლეობისთვის და არა ნიჰილიზმი და ამ ქვეყნიდან გაქცევის სურვილი“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.