მიუნხენში დასრულებულმა უპრესტიჟულესმა საჩოგბურთო ტურნირმა ნიკოლოზ ბასილაშვილის სრული ტრიუმფით ჩაიარა. ქართველმა ჩოგბურთელმა, 250-იანი კატეგორიის ტურნირზე მიჯრით 5 მატჩი მოიგო და კარიერაში ATP-ის მეხუთე ტიტულსაც დამსახურებულად დაეუფლა.
ფინალში ჩვენებური მეჩოგნის მეტოქე იან ლენარტ-შტრუფი გახლდათ, რომელიც რეიტინგის 37-ე ნომერია. ნიშანდობლივია, რომ გერმანელი ჩოგბურთელი აქამდე ATP-ის რომელიმე ტურნირის ფინალში არასოდეს გასულა და მიუნხენშიც ალბათ ჩემპიონობისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილმა სიხარული არ დაანება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და იან ლენარტ-შტრუფი კარგი მეგობრებიც არიან, თუმცა დღეს კორტზე ერთმანეთის მტრები იყვნენ. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ პირველივე გეიმიდან ქართველი ჩოგბურთელის დომინირება იგრძნობოდა.
საბოლოოდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირზე ისე იჩემპიონა არცერთ მატჩში სეტიც კი არ წაუგია. ასე იყო ფინალშიც – 6:4, 7:6.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგშიც რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება.
და კიდევ ერთი – ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მიმდინარე სეზონში, დოჰაში გამარჯვების შემდეგ, უკვე მეორე ტურნირი მოიგო.