აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ეს ნაბიჯი საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ახალგაზრდა მოსახლეობა Covid-19-ისგან, რაც გვაახლოებს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებასა და პანდემიის დასრულებასთან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მარტის ბოლოს კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260-მა პირმა მიიღო, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს.
5 მაისს კანადამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა.
„ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დროებითი და მსუბუქი იყო, როგორიცაა მკლავის ტკივილი, შემცივნება ან სიცხე“, – განაცხადა სუპრია შარმამ, კანადის ჯანდაცვის ორგანოს მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა.