საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პირისპირ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ენერგეტიკა და საგზაო ინფრასტრუქტურა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს და სომხეთს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში.
ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული.
„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით სომხურ მიწაზე. ბოლო პერიოდში, კოვიდის გამო, ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები შეყოვნდა ცოტა ხნით. მოხარული ვარ, რომ აღვადგენთ მაღალი დონის ურთიერთობებს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით. რა თქმა უნდა, კოვიდთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანია.
ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივია და დაფუძნებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ ტრადიციებზე. ვფიქრობ, დღის წესრიგში გვაქვს და უნდა განვიხილოთ რეგიონული საკითხები, ვეცადოთ, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები გავაღრმავოთ ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული საკითხებითაც.
ჩვენმა სახელმწიფოებმა, ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, არა მხოლოდ მეზობლურ, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს ეფუძნება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდპანდემია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს და ურთიერთობას შეეხო.
ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია სტუმრობა ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენს ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს, რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში.
თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივი და კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა.
ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.