“ნაციონალებს”, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს სააკაშვილს, კიდევ ბევრჯერ მოუწევთ სააკაშვილთან დაპირისპირება – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ“კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
“თუ ბოლო ოთხ წელს გადავავლებთ თვალს, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ერთდროულად იყო ლოკომოტივიც და მუხრუჭიც. ის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ განახორციელა რებრენდინგი და საფრთხობელად დარჩა, რაც საარჩევნოდ კარგად გამოიყენა ხელისუფლებამაც და თავად “ნაციონალურმა მოძრაობამაც”, ეს მიხეილ სააკაშვილის “დამსახურებაა”. სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისასაც და მერეც იყო ამ პარტიის ერთპიროვნული მმართველი, რომლის სანქციის გარეშეც ვერაფერი გაკეთდებოდა, თუმცა ისიც იგრძნობოდა, რომ პარტიაში დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი და მისგან დისტანცირების აუცილებლობა ნელ-ნელა ფეხს იკიდებდა. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული იყო ის, რომ უთანხმოებამ, რომელზეც კულუარულად იყო ლაპარაკი, აშკარად იჩინა თავი არჩევნების შემდგომ. დღეს შეიძლება უკვე ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერებმა მოახერხეს, არ დამორჩილებოდნენ სააკაშვილის ნებას“, – მიიჩნევს ძაბირაძე.
“როგორც კი სააკაშვილი პარლამენტში არშესვლის ინიციატივით გამოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ შეუძლებელი იყო, “ნაციონალურ მოძრაობას” ეს გაეზიარებინა და პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვა. “ნაცმოძრაობაში” არიან ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც ანალიზის უნარიც აქვთ და პოლიტიკურ პროცესებსაც კარგად ხედავენ. პარლამენტში შეუსვლელობა ნიშნავდა ამ ძალის ქუჩაში დარჩენას მაშინ, როდესაც ქუჩაში ყოფნა საზოგადოებას არ სურს. ეს კი იქნებოდა ამ ძალის რეიტინგის საბოლოოდ დაცემის ტოლფასი და პარტიაში სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობაც შენარჩუნდებოდა. მივიღეთ უნიკალური ვითარება – “ნაციონალურმა მოძრაობამ” საჯაროდ თქვა უარი ლიდერის ასევე საჯაროდ გაცხადებულ რეკომენდაციებზე. სააკაშვილს არჩევანი არ ჰქონდა – ან უნდა დაჰყოლოდა პარტიის გადაწყვეტილებას, ან წასულიყო ქართული პოლიტიკიდან, და მან, როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, გადაწყვიტა, დაჰყოლოდა თანაპარტიელების ნებას და ეს დემოკრატიის საბურველით შეეფუთა, არადა, რეალურად ეს ურჩობა იყო. სააკაშვილის ხასიათიდან გამომდინარე, ის არ მოისვენებს და შეეცდება, დაიბრუნოს დაკარგული პოზიცია პარტიის კულისებში მუშაობით, რაც გაჩენილ ბზარს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გააღრმავებს”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ეს პროცესი დასრულებული არ არის, “ნაციონალებს”, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს სააკაშვილს, კიდევ ბევრჯერ მოუწევთ სააკაშვილთან დაპირისპირება. საბოლოოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” ამ ორ ნაწილს, ადრე თუ გვიან, მოუწევს ერთმანეთთან დაშორება. ვფიქრობ, იმ ნაწილს, რომელიც დაუპირისპირდება სააკაშვილს, ამ უკანასკნელის საპირწონედ ახალი ლიდერი დასჭირდება, რომელიც, ჩემი აზრით, მალე გამოჩნდება… სააკაშვილს უნდა, შეინარჩუნოს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერობა, თუმცა ამ ეტაპზე ეს დასრულებული ამბავი მგონია. ღმერთმა გვაშოროს და, თუ ქვეყანაში არ დაიწყო ისევ რევოლუციური პროცესები, სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, მით უფრო, “ნაციონალურ მოძრაობაში”. მის ჩანაცვლებაზე ბოკერია და მისი გუნდი იზრუნებენ, დარწმუნებული ვარ, კარგადაც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბოკერია იქნება ლიდერი, რაც თვითონაც მშვენივრად იცის. ვფიქრობ, ის თავად შეუწყობს ხელს სააკაშვილის საპირწონის მოძებნას, აქცევს მას ლიდერად, თვითონ კი კულისებში დარჩება”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“კვირის პალიტრა”