მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარაძე და რომელსაც ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება, – აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა მამუკა მდინარაძეს, გეკა გელაძეს და სულხან თამაზაშვილს გაწეული საქმიანობისა და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ მამუკა მდინარაძეს მოუწია, ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ახალი პოზიციიდან, ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს. გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. მინდა, მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა, მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს.
„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალ პოზიციაზე,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის წარმატებულ საქმიანობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე.
„ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ის არის ამ სისტემის სტაჟიანი წარმომადგენელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე დასახელდება.
საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება.





