“ახალი ტერიტორიული დავის გამო, სომხურ-აზერბაიჯანულმა კონფლიქტმა შესაძლოა ახალი ძალით იფეთქოს და შარშანდელი ომისგან განსხვავებით, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მასში შესაძლოა უკვე ღიად ჩაერთოს რუსეთი. ყველაფერი 12 მაისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანული ნაწილებმა სიუნიქისა და გეგარქუნის რაიონებში შევიდნენ და ის ტერიტორიები დაიკავეს, რომელთაც მანამდე სომხური მხარე აკონტროლებდა. დაძაბულობის ეპიცენტრი სიუნიქის რაიონში მდებარე ე.წ. შავი ტბაა, რომლის ნაწილსაც დღეს აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებენ. სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანული ნაწილები სამ სხვადასხვა ადგილას შევიდნენ სომხების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, თუმცა ამ დაჯგუფებების მომარაგებისათვის საჭირო კომუნიკაციებს სომხური მხარე აკონტროლებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი დავა და ომის განახლების საფრთხე – რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
“გარდა ამისა, ახალი ტერიტორიული დავის ფონზე, აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებიც დაიწყო. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქვეყნებს შორის ახალი ომის დაწყების საშიში კერა გაჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთი ჯერ შეეცდება, რომ აზერბაიჯანზე დიპლომატიური ზეწოლა მოახდინოს და ტერიტორიებიდან ჯარები გააყვანინოს, ხოლო ვითარების გამწვავების შემდეგ კი სომხეთ-რუსეთის 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კოლექტიური დაჯგუფება აამოქმედოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სამხედრო წვრთნები 20 მაისამდე გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთვება 300-მდე ჯავშანტექნიკა, 400-მდე სარაკეტო და საარტილერიო სისტემა, მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები, ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ასევე 50 ერთეულამდე საბრძოლო თვითმფრინავი და დრონი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას და გადაჯგუფებას სამამულო ომში (ასე უწოდებენ აზერბაიჯანში 2020 წლის ყარაბაღის ომს) მიღებული გამოცდილების მიხედვით” – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში და დასძენენ, რომ სამხედროები ასევე შეასრულებენ დავალებებს, რათა თავიდან აიცილონ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების პროვოკაციები და ჩაატარონ კონტროპერაციები ტერორისტების გასანეიტრალებლად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ახალი ტერიტორიული დავა დაიწყო, რასაც შესაძლოა ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლება მოჰყვეს, სამხედრო წვრთნების შესახებ 12 მაისს განაცხადეს, ხოლო 13 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა. მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის საზღვარი გადმოკვეთეს. მათ სომხეთის ტერიტორიის შიგნით 3.5 კილომეტრით შემოიწიეს და ფაქტობრივად, ცდილობენ ალყაში მოაქციონ სევლიჩის ტბა, რომელსაც აზერბაიჯანელები ყარაგიოლს (“შავი ტბა”) ეძახიან და თავის საკუთრებად მიიჩნევენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“14 მაისს ფაშინიანმა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ხელშეკრულების მეორე მუხლის ფარგლებში მიმართა, რომლის თანახმადაც, წევრი ქვეყნისადმი საფრთხის არსებობის შემთხვევაში ორგანიზაციის წევრების ერთობლივი კონსულტაციები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და დაზარალებული ქვეყნის მხარდამჭერი ზომები შემუშავდეს. სიუნიქში განვითარებული მოვლენების ფონზე, ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ვლადიმირ პუტინს წერილი მისწერა, სადაც 1997 წლის ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ოფიციალურად სამხედრო დახმარება ითხოვა. 16 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. უწყების პრესსამსახური აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მხარეებს შორის სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება იყო, თუმცა და ყველა მათგანი მოლაპარაკების გზით გადაწყდა. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ “სომხეთის პროვოკაციული განცხადებები ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებას უკავშირდება”. – დასძენს გამოცემა.
“როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, მთიანი ყარაბაღის მეორე კონფლიქტის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი ომის დაწყების საშიში კერა გაჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთი ჯერ შეეცდება, რომ აზერბაიჯანზე დიპლომატიური ზეწოლა მოახდინოს და ტერიტორიებიდან ჯარები გააყვანინოს, ხოლო ვითარების გამწვავების შემდეგ კი სომხეთ-რუსეთის 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კოლექტიური დაჯგუფება აამოქმედოს. “მთიანი ყარაბაღის ომის მერე ორი ქვეყნის საზღვარზე ახალი საშიში კერა იქმნება. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ აზერბაიჯანული მხარე გააფრთხილა, რომ ამ ინციდენტზე რეაგირება მოეხდინა და მოუწოდა თავი შეეკავებინა. სომხეთის მხარე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა მათი კუთვნილი ტერიტორია დაიკავა. აზერბაიჯანის აზრით კი, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა”, – ამბობს მაისაია, რომლის აზრით, “კონფლიქტი ახალ საომარ მოქმედებებში რამდენად გადაიზრდება, ამის თქმა ცოტა რთულია”, – წერს სტატიის ავტორი.
“ამ ორგანიზაციაში საინტერესო მომენტი ისაა, რომ მისი წევრები ყაზახეთი და ყირგიზეთი თურქული სოლიდარობის ნიშნით გაერთიანებულები არიან და რა პოზიციას დაიკავებენ, ეს არ ვიცი. თუმცა ეს ნატოს ალიანსი არაა, რომ დემოკრატიული ქვეყნების პოზიციები იყოს მნიშვნელოვანი, არამედ აქ რუსეთის ფაქტორია დომინანტური. ასეთ შემთხვევაში ალბათ მოსკოვი დიპლომატიის მაღალ დონეს ჩართავს და შეეცდება ზერბაიჯანი დაარწმუნოს, რომ ამ ტერიტორიიდან აზერბაიჯანული სამხედრო ნაწილები გაიყვანოს. ფაშინიანმა პუტინს სამხედო დამხარება სთხოვა, რომ ერთობლივი კოალიციური ძალების დაჯგუფება აემოქმედებინა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ავტონომიურად იმოქმედონ. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის ხელშეკრულების პაკეტებს ემყარება, რომლებიც მოსკოვსა და სომხეთს შორისაა დადებული”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისია.
“მოსკოვი ჯერ შეეცდება, რომ ბაქო დაარწმუნოს, ხოლო თუ ამაზე არ წავიდა, შესაძლოა მერე ძალის დემონსტრირება განახორცხიელოს და ამ შემთხვევაში სამხედრო ძალა გამოიყენოს. გამოიყენოს რუსულ-სომხური კოალიციური ძალები, რომლის საერთო რაოდენობა 5-დან 6 ათასადმე ადამიანია. მათ საკმაოდ სერიოზული შეიარაღებაც გააჩნიათ და ყოველ შეთხვევაში გარკვეულ ეტაპზე შეუძლიათ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ჩემთვის ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის პოზიციები გაურკვეველია. არგუმენტები ძალიან სუსტია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის მოსკოვის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ვერ განხორციელდებოდა, გარდა ამ მეოთხე მუხლისა. ორმხრივი კოლექტიური დაჯგუფება არსებობს, რომლის ამოქმედებაც რუსეთს შეუძლია კონკრეტულად ამ ტერიტორიების დასაცავად”, – დასძენს ექსპერტი.