თეა წულუკიანის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ პოლიტიკაში არ დაბრუნდებოდა. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის ხშირად აკეთებდა საკმაოდ გულწრფელ განცხადებებს და ყოფილ პრემიერს ანიშნებდა, რომ პოლიტიკაში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ფორმით პოლიტიკიდან გასულ ლიდერს სცენაზე დაბრუნების მორალური უფლება არ აქვს.
„ოკუპირებულ ქვეყანაში როდესაც ამხელა თანამდებობა გაქვს და ნომერ პირველი ადამიანი ხარ პოლიტიკურ გუნდში და მიატოვებ საკუთარ გუნდს, ალბათ შემდეგ ძნელია გქონდეს მორალური უპირატესობა, რომ შემოხვიდე სცენაზე და თქვა, რომ კვლავ ლიდერობა გინდა. არ მინდოდა ასეთი მწვავე განცხადებები და ვფიქრობდი, რომ ის მოისმენდა მაინც თავისი ყოფილი ვიცე-პრემიერის გარკვეულ მოსაზრებებს და გადაიფიქრებდა პოლიტიკაში შემოსვლას, რადგან მე მისთვის ნამდვილად არ მინდოდა ის ბედი, რა ბედსაც ის დღეს იზიარებს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ განცხადებას ორი მიზანი აქვს, რომლებსაც სრულად აღწევს: ის წერტილს უსვამს ივანიშვილის არაკეთილსინდისიერ გამოყენებას და გახარიას ქცევის მორალურ კვალიფიკაციას ანიჭებს.
„როდესაც გუნდს ხელმძღვანელობ და მას უბიძგებ სწორი გადაწყვეტილებისკენ და ყველა ერთ აზრზე ხართ, ბოლო მომენტში, ისე რომ გუნდის წევრების უმრავლესობას არც კი გააგებინო, რატომ იღებ ამის საპირისპირო გადაწყვეტილებას და ტელევიზორიდან გაგვაგებინო „გამარჯობა, მე თქვენ მიგატოვეთ, ლიდერმა“, ეს რა თქმა უნდა სწორედ ზურგში ლახვრის ჩაცემა, ივანიშვილი ამბობს „ღალატი და იმედგაცრუება“ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ შეიძლება არ დაეთანხმო“, – აცხადებს მინისტრი.