დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ფაქტობრივად პირდაპირ აღიარა ის მიზეზი, თუ რითაც ხელმძღვანელობდნენ და რითაც მოქმედებდნენ ამ თვეების განმავლობაში დღემდე. მან თქვა, რომ მისი და მისი პარტიის მთავარი მიზანი გახლავთ „თქვენი აქედან სათითაოდ გაყვანაო“ , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე 1 წლით ადრე და 20 ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი სწორედ ეს იყო.
„ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე სწორედ მიზნად ისახავდა იმას, რაც დღეს თქვა სხდომაზე ნიკა მელიამ და ვფიქრობ, ყველა კითხვა მოხსნილია იმასთან დაკავშირებით, თუ რითი ხელმძღვანელობს „ნაცმოძრაობა“. სწორედ ამასთან არის შესაბამისობაში ისიც, რომ ხელს არ აწერენ შარლ მიშელის შეთანხმებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ეს პარტია დროსა და სივრცეში დეზორიენტირებულია.
„მათ თან სურთ პარლამენტში ყოფნა, თან ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ჩვენმა სზოგადოებამ და პარტნიორებმა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, შევიმუშავეთ შეთანხმების დოკუმენტი, რომელმაც პოლიტიკური პროცესები დააბრუნა პარლამენტში და ამაზე ხელმოწერა იყო იმის აღიარება და გაცხადება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს, უარს ვამბობთ დესტაბილიზაციაზე და განვაგრძობთ პროცესს პარლამენტში. ეს ასეც მოხდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7-თვიანი ფიქრის შემდეგ ისევ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.