„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოტახნის წინ ნიკა მელია იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და სკოლის დასჯილი მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.
მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება.
„პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ჩვენს კოლეგებს მოთმინებისთვის, ისინი 15 წუთის განმავლობაში ადამიანისგან, კრიმინალისგან ისმენდნენ მუქარებს, თითის ქნევას. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივი ვეცით პარლამენტს, პარლამენტარიზმს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი მოსათმენია, როდესაც ასეთ რამეს ვისმენთ ჩვენ კრიმინალისგან, ადამიანისგან, რომელიც არის კონკრეტულ დანაშაულში მხილებული და რომელიც არის ბრალდებული, არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტში შეჭრის მცდელობისათვის. ეს არის მძიმე, თუმცა ეს არის პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის ასევე ადამიანი, რომელსაც არ აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება მათ შორის ის დანაშაულებიც, რომელიც მან ჩაიდინა, და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ჩვენ მისგან ვისმენთ.
მისივე თქმით, ცოტახნის წინ მელია იყო ჩასული თავისი პარტიის რეალურ ლიდერთან და სკოლის დასჯილი მოსწავლესავით უსმენდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ მომავალში.
„რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ასეთი პოლიტიკოსების და პარტიების მომავალი ქართულ დემოკრატიულ სისტემაში არ არის და ვერ იქნება. რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას გასცემს სათანადო პასუხს. არ გადავიხდი – ვერ დამიჭერთ, გახსოვთ ნიკა მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველა ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ. ვერ გადავიხდი – არ გამოვალ, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, ბოლოს დათანხმდა, გადაახდევინა და გამოვიდა, ამ შემთხვევაშიც არ შეასრულა თავისი სიტყვა. ახლა კი პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით ესეც რომ გავიხსენოთ – ხატია დეკანოიძემ თქვა, ამ პარლამენტში შესასვლელად არავინ მემეტებაო. როგორც ვხედავთ, ბოლოს ქალბატონმა ხატიამ მაინც თავი გაიმეტა და შემოვიდა. ამ პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარო, ამბობდა თაკო ჩარკვიანი. ისიც არის დღეს ჩვენი პარლამენტის სტუმარი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას, ამბობდა ლევან ბეჟაშვილი. ისეც არის დღეს პარლამენტის სტუმარი. 99,9 პროცენტით პარლამენტში ვერ და არ შევალ, ამბობდა ნიკანორ მელია. როგორც ვხედავთ, ხანდახან 0,1%-იც მუშაობს. ამ და სხვა მრავალი ხმამაღალი ფრაზების ავტორებს დღეს მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა და მისი ლეგიტიმურობის აღიარება, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხმა ვერცერთი თავისი სიტყვა ვერ შეასრულა, მათ შორის ქალბატონმა თაკომაც და მინდა მივმართო „ნაციონალებს“. როგორც მოგიწიათ სხვა სიტყვების უკან წაღება, ზუსტად ასევე მოგიწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა და ამნისტიის მიღება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.