სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, სანამ მხარს არ დაუჭერენ იმ შეთანხმების პუნქტებს, რომელზეც საერთო კონსენსუსი არსებობს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება რადიკალურ პარტიად, დესტრუქციულ ზონაში, რჩება როგორც მარგინალური პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენეტიკური კოდი არის არეულობა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ თან სურს, ისარგებლოს ამნისტიით, მაგრამ თან არ უნდა, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც სხვა პარტიები მოიქცნენ. ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, როდესაც შენ ყოველთვის იმას კი არ ეთანხმები, რაც შენს ინტერესებშია, არამედ ზოგჯერ იმასაც უნდა დაეთანხმო, რაც საღი აზრის ფარგლებშია. არავითარ თანხმობას ამნისტიის კანონპროექტი არ ითხოვს ნიკანორ მელიასგან, ან ვინმესგან. ეს კანონპროექტი ამბობს, რომ თუ ვინმე პრინციპულად წინააღმდეგია და უარს იტყვის, რომ არ უნდა შეეხოს ეს ამნისტია, იმ ადამიანს უნდა დავუტოვოთ უფლება, რომ არ შეეხოს ამნისტია. ამის სადაოდ გახდა ისევ და ისევ ნიშნავს, რომ ნიკანორ მელია დარჩეს სამართლებრივი სახელმწიფოს მეორე მხარეს, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, რომ მათ ეხებათ კანონები, მაგრამ მას არ ეხება კანონები, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, თქვენ კი ამირჩიეთ, მაგრამ მე მინდა შევალ პარლამენტში, მინდა – არაო, სადაც მან უთხრა მოქალაქეებს, რომ არჩევნები საინტერესოა, მაგრამ თუ ვერ გავიმარჯვე, მე შემიძლია ავრიო ქვეყანა და ისე მოვიდე ხელისუფლებაში. ამ ნაპირზე რჩება ნიკანორ მელია და მისი გუნდი და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რეალური ხელმძღვანელი ამ პოლიტიკური პარტიის. ამ პარტიის გენეტიკური კოდი არის არეულობა, თავდასხმა ინსტიტუტებზე, რასაც აკეთებდნენ ამ წლების განმავლობაში, უკან ექაჩებოდნენ ქვეყანას და დღესაც იმივეს აგრძელებენ. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს არ მოაწერს ხელს, სანამ მხარს არ დაუჭერენ იმ შეთანხმების პუნქტებს, რომელზეც საერთო კონსენსუსი არსებობს ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება რადიკალურ პარტიად, დესტრუქციულ ზონაში, რჩება როგორც მარგინალური პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.