მიუნხენის Allianz Arena-ს სტადიონი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს ცისარტყელას ფერებში არ განხათდება.
“ევრონიუსის“ ინფორმაციით, უეფა-მ უარყო მიუნხენის მერის დიტე რეიტერის საკრებულოს სახელით შეტანილი განცხადება, რომლითაც უნგრეთის ლგბტ საზოგადოების სოლიდარობის ნიშნად სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათების ნებართვას ითხოვდნენ.
უეფა-ში განაცხადეს, რომ მიზანი განაცხადის ესმით, მაგრამ იძულებულები არიან, პოლიტიკური კონტექსტის გამო, უარი განაცხადონ.
ორგანიზაციის განმარტებით, მათ მიაჩნიათ, რომ „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ სხვებთან მჭიდრო თანამშრომლობით”.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში ლგბტ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა ლგბტ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ. აიკრძალება. ამასთან, კომპანიებსა და დიდ ორგანიზაციებს ლგბტ თემის მხარდამჭერი ბანერების განთავსება აეკრძალებათ. კრიტიკოსები ახალ კანონს დისკრიმინაციულს უწოდებენ.