პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებას აღიარებს, მას შეუძლია, შემოვიდეს პარლამენტში და ბოიკოტის რეჟიმში იყოს, და ამ შემთხვევაში მას დაფინანსება არ შეუწყდება. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე უარს ამბობს მანდატის შესრულებაზე, მაშინ ფულზეც უნდა თქვას უარი.
„თუ პარტია საპარლამენტო ცხოვრებას აღიარებს, მას შეუძლია, შემოვიდეს პარლამენტში და ბოიკოტის რეჟიმში იყოს, და ამ შემთხვევაში მას დაფინანსება არ შეუწყდება. ახალ კანონში საუბარია ისეთ პარტიაზე, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს ამ დემოკრატიულ პროცესში. არც მე მესმის, რატომ უნდა იხარჯებოდეს მოქალაქეების ფული ამ პარტიაზე, მით უმეტეს, რომ პრეტენზია აქვს იმ პარტიას, რომელსაც რამდენიმე მილიონი ლარი აქვს დახარჯული ისე, რომ პარლამენტში ფეხი არ შემოუდგამს. მე ვეთანხმები იმას, რომ ფული უნდა აიღო შრომაში, ხოლო თუ უარს ამბობ მანდატის შესრულებაზე, მაშინ ფულზეც უნდა თქვა უარი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.