ჩემთვისაც მოულოდნელი იყო „ლელოს“ გადაწყვეტილება და გული მწყდება, რომ მათ არ დაუჭირეს მხარი ამ ცვლილებებს. ჩვენ უნდა განვასხვაოთ რა არის დიდი სურათი და დიდი ამოცანა. შეიძლება რაღაც დეტალები მეც არ მომწონდეს, არ იყოს ჩემს გემოვნებაზე აწყობილი, მაგრამ თუ უფრო დიდ სურათს შევხედავთ ეს დოკუმენტი პრინციპულად ცვლის გარემოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გული მწყდება, რომ მათ ეს დიდი სურათი ვერ დაინახეს. გამოეკიდნენ რაღაც პატარა პუნქტებს, რომლებიც შეიძლება მათი მხრიდან სამართლიანია, თუმცა მე ასე არ მიმაჩნია. რაც შეეხება 40%-იან ზღვარს, ამის წინააღმდეგი ვიყავით ჩვენ. ალეკო ელისაშვილის ბიოგრაფია ეწინააღმდეგება 40%-იან დათქმას. როდესაც მან მოიგო საბურთალოს თვითმმართველობის არჩევნებზე, მოიგო რადგან ეს დათქმა არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებოდა. ეს მოითხოვა ვაშაძის პარტიამ და გაზიარებულ იქნა „ქართულო ოცნების“ მხრიდან. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა ესეც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მთლიანად ამ დოკუმენტის წინააღმდეგი ვიყო და გავაკრიტიკო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.