იოსელიანის ქუჩაზე, იმ კორპუსის წინ, საიდანაც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გამოასვენეს, სხვადასხვა ტელევიზიის ოპერატორებმა დერეფანი გააკეთეს და კოლეგა დაშვებული კამერებითა და ტაშით გააცილეს.
გარდაცვლილ ოპერატორს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. მის სამოქალაქო პანაშვიდზე, კოლეგებთან ერთად, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც ოჯახის ტრაგედიას იზიარებენ.
ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
11 ივლისს, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ, გარდაცვლილის თავის ტვინში ვერ ნახეს ვერანაირი მასიური ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, სიკვდილი გამოეწვია.
იმავე დღეს, შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მისი გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
ლექსო ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღაღურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის, დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.