საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
„გულისყურით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის სამხრეთ რეგიონებში ტყის მასშტაბური ხანძრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ და თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქეთს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანებისა და იმ ზიანის გამო, რომელიც თურქეთს მიადგა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას ამ განსაცდელის ჟამს. საქართველოს მთავრობის სახელით, მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
სამხრეთ თურქეთში 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან.