მთაწმინდის ფერდზე, სადაც 31 წლის შანაი ბრუკის ცხედარი იპოვეს საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მასწავლებლად მუშაობდა პოლიციამ 30-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა.
უცნობია რა გზით მოხვდა ახალგაზრდა ქალი მთაწმინდის მარცხენა ფერდზე, სადაც რაიმე ინფრასტრუქტურა მოწყობილი არაა და ბილიკი საკმაოდ რთულად გასავლელია. ტერიტორიაზე ერთი შესასვლელი ეშმაკის ბორბლის მხრიდანაა, მეორე გზა კი ქალაქის, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან ასასვლელია.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმე გახმაურდა სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანის პოსტი გავრცელდა, სადაც ისინი ყვებიან იგივე ტერიტორიაზე როგორ დაესხათ თავს კონკრეტული კაცი.
მსხვერპლები ყვებიან, რომ კაცი “სლავური” გარეგნობისაა.
“ამ ადგილას ორჯერ დამესხნენ თავს, ერთხელ ვიყავი ბავშვთან ერთად, მეორედ მეგობართან. ორივეჯერ დავწერე განცხადება და ახლა ამ ამბის გამო მომხდარი კიდევ ერთხელ გამახსენდა. ეს ადამიანი აშკარად ფსიქოპატია, დაგვიშინა ქვები, ფაქტობრივად სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით.
ახალგაზრდა კაცი იყო, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, არცისე მაღალი, სპორტული აღნაგობა ჰქონდა, თავისუფლად საუბრობდა რუსულად, დაახლოებით 60 კგ-ზე მეტი იქნებოდა”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.