დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არის დაახლოებით 50-55%. გასულ პერიოდში, როდესაც პანდემიის კონტროლი უკეთ ხორციელდებოდა, ეს მაჩვენებელი 75-80%-ს აღემატებოდა, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.
„ნიღბების გამოყენების გააქტიურების შემთხვევაში, ის პიკი, რომელშიც რეალურად უკვე ვიმყოფებით, უფრო ხანმოკლე იქნება და ეს ინფექციის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და სოციალური შეკრებებისგან თავის შეკავება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პიკი გავიაროთ რაც შეიძლება სწრაფად და ნორმალიზაციას მოკლე ხანში დავუბრუნდეთ. დღეს მთავარია არსებული რეგულაციების აღსრულება და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყება აქტიურად მუშაობს. აქვე მნიშვნელოვანია მოქალაქეები გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და ნიღბის გამოყენება არის ყველაზე მარტივი დღეს. სხვა დანარჩენზე საბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა გაბუნიამ.