კელი დეგნანთან შეხვედრაზე არჩევნების გადადებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, ამაზე კითხვაც არ დასმულა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე ავუხსენი ელჩს თუ რას ვგეგმავ, როგორი ხედვები მაქვს ქალაქთან მიმართებაში, როგორი კამპანია მაქვს დაგეგმილი. ჩემი საარჩევნო კამპანია იქნება მხოლოდ პოზიტიური, იქნება ქალაქის სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულ პროექტებზე. ვისაუბრებთ იმ გამოწვევებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს გვაწუხებს ქალაქში და ამ პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე. რას გავაკეთებთ მომდევნო წლებში იმისთვის, რომ ქალაქში ცხოვრება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, კიდევ უფრო საინტერესო იყოს ყველა თაობის ადამიანისთვის. ეს ყველაფერი ავუხსენი ქალბატონ დეგნანს. ასევე ვისაუბრეთ, ზოგიერთი ტელევიზიის მიერ გაკეთებულ სიუჟეტებზე, სიძულვილის ენაზე და რა თქმა უდნა, შეფასება იყო ის, რომ ეს ცუდია და არ არის სასიამოვნო. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ არის. ფსიქოლოგიური ძალადობა, სიძულვილის ენა, კატეგორიულად მიუღებელია და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის, დამაზიანებელია მომავალი თაობებისთვის. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავგმოთ ყველანაირი ძალადობა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური. ეს კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
