ოპოზიცია, განსაკუთრებით კი რევოლუციის და არეულობის მთავარი მოსურნე – „ნაცმოძრაობა“ ხედავს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი კითხვას არჩევნების შესაძლო გადადების შესახებ.
„არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ტარდება და ოპოზიციას არც სპეკულაციის საბაბი ექნება, ამიტომ ცდილობენ არჩევნების გადადებას და იქნებ ამ საკითხის გამო შექმნილი აჟიოტაჟით მომავალში მდგომარეობა დამძიმდეს და მათ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ, რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული ან რატომ არავინ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება.