ვფიქრობ, რომ პედაგოგთა 50%-ზე მეტი დღეს არ არის აცრილი, თუმცა ამის დრო და საშუალება არის. დღეს ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ვაქცინები და პირველ რიგში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რამეთუ მათ აქვთ ურთიერთობა ბავშვებთან, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელობს იმაზე, თუ როგორ განახლდება სწავლა სკოლებში.
„მომხრე ვარ, რომ სასწავლო პროცესი დაიწყოს დროულად, მაგრამ ამისთვის აუცილებელი პირობად ვაყენებ პირველ რიგში ბავშვების, მასწავლებლებისა და სკოლებში მომუშავე პერსონალის ეპიდუსაფრთხოების აუცილებლობას. ესეც დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქცევაზე, დადებითობის მაჩვენებელზე, იმაზე თუ რამდენად მაღალი იქნება მასწავლებელთა და მომსახურე პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელი. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ სახელმწიფო საბჭოს ფორმატში. არის გარკვეული შემოთავაზებები ამ კუთხით, რომელთა გაჟღერებისგან სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, თავს შევიკავებ. მაგრამ ჩვენ ვიზრუნებთ ორი მიმართულებით – რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სასწავლო პროცესი, იმ დროს, როცა მათი ეპიდუსაფრთხოება იქნება დაცული. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების (მიღებისას) ვიქნებით ადეკვატურები, დროულები, მაგრამ ერთია რეკომენდაციების გაცემა და მეორეა მათი აღსრულება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
მან მოსახლეობას პირბადის მოხმარების, ვაქცინაციისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობის შესახებ შეახსენა და აღნიშნა, რომ სოციალური ღონისძიებები ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს წარმოადგენს.