“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ქარდავა კანონის შესაბამისად დაისაჯოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ქარდავამ სხვებზეც მისცეს ჩვენებები, თუმცა აღნიშნული მის საქმეს აღარ უშველის. საქართველოში 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს. ამასთან, 2018 წლის დეკემბერში მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა” – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “არ გამოვრიცხავ მან სხვებზე მისცეს ჩვენებები” – რა მოხდება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში.
“კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ მეგის ქარდავას ბრალი მიუძღვის ძალიან ბევრი ადამიანისა და ოჯახის გაუბედურებაში, ამიტომ ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. “ზოგადად, მეგის ქარდავას მიმართ ყოველთვის ცუდი დამოკიდებულება მქონდა და ყოველთვის ცუდი რაღაცები მესმოდა მასზე ციხეებიდან, ვინაიდან ციხეებთან მეტ-ნაკლებად ახლოს ვიყავი. “ნაციონალური მოძრაობიდან” ბოროტების განსახიერება ყოველთვის იყო მეგის ქარდავა. თუ ის კანონის შესაბამისად დაისჯება, ნამდვილად იქნება ეს სამართლიანი”, – ამბობს ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ ქარდავა მზადაა ყოფილ მაღალჩინოსნებზე მისცეს ჩვენებები თავის გასამართლებლად, რადგან მისგან არც აღნიშნული ქმედება იქნება გასაკვირი. კონფლიქტოლოგი ასევე ფიქრობს, რომ ქარდავას საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მან უამრავი ადამიანი და ბევრი ოჯახი გაამწარა. არ გამოვრიცხავ მან სხვებზე მისცეს ჩვენებები, თუმცა რეალურად მას იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, რომ, სავარაუდოდ, ძირითადად მის საქმეებზე იქნება საუბარი და მას აღარაფერი უშველის არავის გამტყუნება. მეგის ქარდავა უშუალოდ აწამებდა ადამიანებს, ეს კი ადამიანში ზნედაცემულობის შედეგია… რასაკვირველია, მისი ამბავის წამოწევა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. აშკარად შენახული საქმე იყო და “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების წინ მოახერხა ამ თემის წინ წამოვა. ეს მათ სინდისზეა, მაგრამ როდესაც მეგის ქარდავასნაირი ადამიანი დაკავებულია, მე ამას მივესამლები ნებისმიერ შემთხვევაში”, – დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.