სისხლი, ტერორი და ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ბანერებს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება პლაკატებს, ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ერთი ნაწილის უკურეაქცია იმაზე, რომ დღეს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაფუთული სხვადასხვა ფერდი, ნომრებში კვლავ ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით, მოქალაქეებზე ძალადობით და პარტიული ტელევიზიების გამოყენებით როგორმე დაუბრუნდეს პოლიტიკურ სათამაშო ველს. მაგრამ ისინი არიან „ოფსაიდში“, რადგან რჩებიან რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ ძალად.
რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ რასაც ვეთანხმებით და მოგვწონს შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საარჩევნო მასალებსა და ბილბორდებზე. ჩვენი კამპანია არის პოზიტიური და ჩვენი დღის წესრიგი მომავალზე ორიენტირებულია. სისხლი, ტერორი, ძალადობა მოქალაქეებზე ეს არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მის სატელიტურ სისტემას დღემდე მოჰყვება მძიმე ბიოგრაფიად.
ვაქცინაციის ბანერები არ გახლავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნაწილი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციას და ჯანდაცვის პროფესიონალების რეკომენდაციის შესრულებას“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.