საქართველომ „კეთილდღეობის ინდექსში“ 149 ქვეყნიდან 84-ე ადგილი დაიკავა და შარშანდელთან შედარებით პოზიციები გაიუარესა. ასეთია ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის, Legatum Institute-ის რეიტინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ საქართველო 80-ე ადგილს იკავებდა.
კვლევა ჩატარდა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, აქედან საუკეთესო მაჩვენებლები საქართველოს განათლებისა (54-ე ადგილი) და სახელმწიფო მართვის (54-ე ადგილი) ინდექსში აქვს. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი – სოციალური კაპიტალის (139-ე ადგილი) ინდექსში. სხვა მაჩვენებლების თანახმად, ეკონომიკური ხარისხის ინდექსში საქართველომ 94-ე, ბიზნეს გარემოს – 66-ე, ჯანდაცვის – 96-ე, უსაფრთხოებისა და დაცულობის – 78-ე, გარემოს ინდექსში კი 124-ე ადგილი დაიკავა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ კეთილდღეობის ინდექსის შედგენისას, გათვალისწინებულ იქნა „კეთილდღეობის დისბალანსის“ ინდიკატორი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მშპ-ს. კვლევის ავტორები წერენ, რომ “საქართველოს აქვს მცირე „კეთილდღეობის დეფიციტი“, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ სიმდიდრეებთან შედარებით, საქართველო თავისი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოდ უზრუნველყოფს კეთილდღეობას“.
„მიუხედავად ამისა, რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს შესანიშნავი შედეგები აქვს, რადგან ანალოგიური სიმდიდრეების მქონე სომხეთს და აზერბაიჯანს, გაცილებით უფრო მაღალი „კეთილდღეობის დეფიციტი“ აქვთ“, – ნათქვამია კვლევაში.
ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ სოციალური კაპიტალი და გარემო. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ საქართველოს შედეგები თვალსაჩინოა, სამოქალაქო ომისა და სეპარატისტული კონფლიქტების გათვალისწინებით.
„რეფორმები, რომელიც საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარდა, პოსტსაბჭოურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური იყო. ამ რეფორმების ამოცანა იყო საქართველოს „ვესტერნიზაცია“ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარებით, რაც მიმართული იყო ევროინტეგრაციისკენ და რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლებისკენ“, – აღნიშნულია კვლევაში.