დიდი ხანია, არ ვყოფილვარ „იმედის“ სტუდიაში. ბოლოს ჩვენ შევხვდით საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის სტუდიაში, გადაცემაში. თქვენ სტუმარი იყავით, მე მაშინაც რეგიონული მედიისთვის ვმუშაობდი და ჩვენ – მე და თქვენ მოგვივიდა ძალიან სერიოზული კონფლიქტი, – მიმართა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტს მაგდა ანიკაშვილს.
კუპრაშვილის თქმით, ანიკაშვილს მაშინ „მიხეილ სააკაშვილის დავალებით გაჰქონდა მედიის საწინააღმდეგო აქტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, რაზეც ანიკაშვილმა უპასუხა, რომ არ ეთანხმება, რადგან იგი მომხდარს სხვაგვარად ჰყვება.
„იქნებ, ისიც გაგახსენდეთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მე მიმყავდა პირდაპირი ეთერი ამ ტელევიზიაში. თუ მივყვებით ისტორიას, ბარემ გავყვეთ ბოლომდე. როცა გაწყობთ, მაშინ ასეთ ინტერპრეტაციას აკეთებთ და როცა არ გაწყობთ, მაშინ სხვანაირს, არ მგონია, რომ დღეს ამას უნდა დავუთმოთ ჩვენი ეთერი”, – მიმართა მაგდა ანიკაშვილმა ნათია კუპრაშვილს.
