თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დააყენა შუამდგომლობა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესებში ჩაერთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან დისტანციურად.
როგორც პროკურორმა განმარტა, თუ რამე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე.
„მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა. იმისთვის, რომ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე. მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, – აღნიშნა პროკურორმა.
აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.
„ტელეიმედის“, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე – მოსამართლე ექსპრეზიდენტის და კიდევ 5 ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალზე სწორედ დღეს იმსჯელებს.
სასამართლო პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
