გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. მათ კიდევ ერთხელ შეხვდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და პრობლემის მოგვარება აღუთქვა.
მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მოსახლეობის ინტერესები.
„ეს ძალიან რთული საკითხია. მხოლოდ ჭები ინდოელებზე 2008 წელს გაიყიდა, შეეცვალა სტატუსი და საძოვრიდან გადავიდა სახნავ-სათესში. რამდენიმე თვის წინ კი ეს მიწა, ინდოელებმა გაყიდეს და მას ახალი მფლობელი ჰყავს. შევთანხმდით, რომ ქუჩიდან პროცესი კაბინეტში გადავა. ამას უნდა მუშაობა. შეიკრიბება რამდენიმე კაცი, შედგება საინიციატივო ჯგუფი და გამოსავლის გზებს ერთად მოვძებნით“, – განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებაზე აქციის მონაწილეებმა თანხმობა განაცხადეს და აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობის ნაწილი აქციას დილიდან მართავდა. ისინი დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და კერძო ინვესტორზე გასხვისებული მიწის სოფლის საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვეს. მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი და შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდნენ.
საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.