გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განხორციელებულ რფორმებზე ისაუბრა. პრემირის განცხადებით, ყველაზე საამაყოა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი ფასეულობა იყო და არის ადამიანი. პრემიერის განცხადებით, სწორედ ადამიანებისკენ იყო მიმართული ჯანდაცვის რეფორმა, რომელმაც საშუალება მისცა ასი ათასობით თანამემამულეს, ემკურნალა უფასოდ:
„რაც ყველაზე მეტად მეამაყება, არის ის, რომ ჩვენი მთავრობისთვის უმთავრესი და უმაღლესი ფასეულობა ყოველთვის იყო ადამიანი და სწორედ ადამიანისკენ იყო მიმართული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად გადავდგით. დღეს ჩვენ გვყავს გაჯანმრთელებული მოსახლეობა, რაც არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა.
ჩვენ ასევე დიდი ყურადღება დავუთმეთ სოციალურად დაუცველებს, დევნილებს, უბრალო ადამიანის გასაჭირი ყოველთვის მიგვქონდა გულთან.
ასევე, ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარავის ეშინია თავისუფალი აზრის გამოთქმის, არის თავისუფალი არჩევანის უფლება. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სასამართლო ხელისუფლებამ, მედია არის თავისუფალი და ყველაფერი ეს ერთდროულად მართლაც არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა და აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას.
პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგების მიხედვით, საქართველოს აქვს წინსვლა, იქნება ეს დემოკრატიის მაჩვენებელი, თუ იქნება ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი.
ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელმოწერილი იქნა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის საქართველოს და კერძო სექტორს საქართველოში. ასევე ჩვენ გავხსენით მნიშვნელოვანი სავაჭრო კავშირები აღმოსავლეთთან, რაც ასევე უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.