“ომიკრონის” ელვისებურმა გავრცელებამ მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. დეკემბრის მიწურულს ევროპასა და ამერიკაში ინფიცირების დღიური შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოში წინასაახალწლოდ სამხრეთ აფრიკული შტამის შედარებით ცოტა შემთხვევებია, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ გადაცემის ჯაჭვის კონტროლი ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ომიკრონი” ყველა რეკორდს ხსნის – რა საფრთხე ელის დაბალი ვაქცინაციის ქვეყნებს.
“კოვიდ-19 პანდემიის ისტორიაში აშშ-ში რეკორდული დღიური მაჩვენებელი 512 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთშიც – კორონავირუსის 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 300-მდე ადამიანის სიცოცხე ემსხვერპლა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აქ აცრების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია და მოსახლეობის 77% სრულად აცრილია, ჰოსპიოტალიზაციის მაჩვენელი დაბალია. “ომიკრონი” რომ მსოფლიოში ელისებურად ვრცელდება, ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებიც ცხადყოფს. გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 985 093 ადამიანი დაინფიცირდა, 44 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ჯანმოს განცხადებით, აღნიშნული მონაცემები წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 11%-ით არის გაზრდილი, თუმცა ფატალური შემთხვევების მაჩვენებელი არ გაზრდილა. ამავე პერიოდში ინფიცირების ყველაზე მეტი, 1 185 653 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო – 611 864 შემთხვევით, საფრანგეთი – 504 642 ინფიცირებულით, იტალია – 257 579 და გერმანია – 197 845 შემთხვევით.ინფიცირების ახალი შემთხვევების 57% ევროპის რეგიონზე მოდის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველო კი ახალ წელს „ომიკრონის” შემთხვევების დაბალი მაჩვენებლით ხვდება, თუმცა, სპეციალისტები ანალოგიურ ნახტომისებურ მატებას არ გამორიცხავენ. ამ დროისთვის ომიკრონის სულ 67 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში სულ 2 495 435 აიცრა, დღიურად აცრილია – 11 720. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ აცრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, “ომიკრონის” ელვისებური გავრცელების პირობებში, საქართველოში არასახარბიელო სცენარია მოსალოდნელი”, – განაგრძობს გამოცემა.
“გადაცემა არ გაწყდება, სანამ ყველა არ იქნება აცრილი. ის კი არა, ბუსტერის ვადა შეამცირეს. მე არ ვიცი ეს პანდემია ასეთ პირობებში ომიკრონით დამთავრდება თუ კიდევ ახალი წამოვა, რადგან ვირუსი პიორველ რიგში აქტიურდება გადადებით. ვირუსი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც რა თქმა უნდა გაექცეოდათ, რადგან ათჯერ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება “ომიკრონით”, ვიდრე ინდური შტამით. შესაბამისად, ასეთ პირობებში გველის ის, რომ, ვინც არ აიცრება, მისი იმუნიტეტიდან გამომდინარე ან გადარჩება, ან ლეტალური გამოსავალი დადგება – აქ სხვა გზა არაა. მარტო ხელების ბანვა და პირბადე არ შეველის, მით უმეტეს იმ ხალხზე, რომელიც სხვადასხვა აქციებში გამოსვლებში მონაწილეობენ. აქციები და გამოსვლები საჭიროა, როცა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა. როცა ნებისმიერი შეკრება არის დიდი შანსი, რომ ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდეს, მე მაგალითად, ასეთ შეკრებებს კატეგორიულად ავკრძალავდი. მით უმეტეს არაკონტროლირებადს, სადაც ზოგს უკეთია პირბადე, ზოგს არა, ჩახუტებულები არიან. გუშინ, მაგალითად ავტობუსში ხალხი ისეთი გადატენილი იყო, აქ ადამიანმა გინდა გაიკეთოს პირბადე, გინდ არა. ჩვენ პირიქით ვიქცევით და ვირუსს ყველანაირად ვეხმარებით, რომ გავრცელდეს”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“ახალი წელი იმიტომაა ერთის მხრივ კარგი, რომ დღესასწაულია, მაგრამ მეორეს მხრივ ადამიანთა შეკრებები მოხდება და ინფიცირების მეტი შანსი იქნება და შემთხვევები გაიზრდება, ვიდრე შემცირდება. ჯერ არ მიგვიღწევია აცრილების და კოვიდგადატანილების იმუნიტეტის იმ პროცენტს, რომ ჩვენ ბედნიერი გეგმები დავსახოთ. ჯერჯერობით რასაც ვხედავ “ომიკრონი” ისეთი დამთრგუნველი არაა, როგორც ინდური შტამი, თუმცა, ვირუსი რაც უფრო მეტ ადამიანს გადაედება, უფრო მეტი შანსია, რომ გაძლიერდეს. გაძლიერდეს არა მხოლოდ მისი გადამდებლობის უნარი, არამედ ვირულენტურობაც, შესაბამისად დიდია შანსი იმისა, რომ მოიმატებს ე.წ. ციტოკინური შტორმი”, – დაასკვნის ხმალაძე.
“ომიკრონის” პირობებში მოსალოდნელ პროგნოზებზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელის მოდგილე პაატა იმნაძე. ამბობს, რომ როცა ქვეყანაში ვაქცინების ხელმისაწვდომობაა და ადამიანები არ იცრებინ, თავს სასიკვდილოდ წირავენ. “არიან ულტრაკონსერვატორები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან ნუ გვცრითო და არიან ულტრალიბერალები, არავითარი შეზღუდვა არ გვინდაო. ბევრი რამ კი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად მე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან”, – ამბობს იმნაძე, რომლის თქმით, “ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს”, – დასძენს გამოცემა.
“მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი”, – განაცხადა იმნაძემ. მან აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში “ომიკრონი შემოსულია, ჯერჯერობით უმრავლეს შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ახერხებენ, რომ “ომიკრონის” თითოეული გადაცემის ჯაჭვს გაჰყვეს, მაგრამ ცოტა ხანში, ეს შეუძლებელი გახდება, როდესაც რაოდენობა მოიმატებს. მისივე თქმით, როგორც კი პირბადის ტარების მაჩვენებელმა დაიწია, გრიპიც გამოჩნდა, რაც დამატებით თავსატეხს უჩენს სამედიცინო სექტორს. “თუ გვინდა ეს ზამთარი მეტ-ნაკლებად ნორმალურად გავატაროთ, ეს არის პირბადის ტარება. “ბუსტერი” საჭიროა კორონასგან დასაცავად, 75%-მდე ადის კორონასგან დაცვა, თუ „ბუსტერი” გაქვს გაკეთებული. სიკვდილისაგან ორი დოზაც მშვენივრად იცავს, კვლევები უკვე გამოქვეყნდა. “სინოვაკი” და “სინოფარმი” მშვენივრად იცავს მძიმე მიმდინარეობისგან და სიკვდილისაგან „ომიკრონის” შემთხვევაშიც”, – ამბობს პაატა იმნაძე, რომლის აზრით, “რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ “ბუსტერს” გაიკეთებენ, ეს დაცვას აძლიერებს”, – წერს სტატიის ავტორი.