აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იტალიაში გაემგზავრა, სადაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების შეხვედრას დაესწრება.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, რომ განაგრძონ ზეწოლა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ზომების მეშვეობით. ამასთან, ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ კიევს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, იტალიაში გამართულ შეხვედრაზე ბლინკენი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის ომი, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება და მიმდინარე კრიზისები ჰაიტისა და სუდანში.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენი ვატიკანში რომის პაპთან, ფრანცისკესთან შეხვედრასაც გეგმავს.
იტალია 2024 წელს „დიდი შვიდეულის“ როტაციული თავმჯდომარეა.