ვიქტორ სანეევი გარდაცვლილა ავსტრალიაში, სიდნეიში, გულის ინფარქტით, 77 წლის ასაკში, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, სიმონ კილაძე აქვეყნებს.
ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, “განთიადის” სკოლაში დაიწყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ვიქტორ სანეევი თბილისში გადმოვიდა და „დინამოს“ სახელით მონაწილეობდა შეჯიბრებებში. 1968 წელს სანეევი პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამხტომში (სულ რვაჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის პირველობა 1968-71, 1973-75 და 1978 წლებში). ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 78), მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი (1971).
საბჭოთა კავშირის პირველობაზე გამარჯვებამ მას მექსიკის 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე წასვლის საშუალება მისცა, სადაც სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა რა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.
ოთხი წლის შემდეგ, კვლავაც 17 ოქტომბერს, სანეევმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, გადახტა რა 17.44 მეტრზე.
მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა სანეევმა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც მოიგო, რითაც დააფიქსირა მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა – ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება.
ძალიან ახლოს იყო ოქროს მედლის მოგებასთან ვიქტორ სანეევი 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზეც, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა, დათმო რა დუელი ესტონელ მძლეოსან იააკ უუდმიაესთან.
საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები. საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი).
ვიქტორ სანეევს, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება ჰქონდა. დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით, ღირსების ორდენით და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2018 წელს). იგი ფლობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენსაც.
1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) ვიქტორ სანეევი საქართველოს ოლიმპიური ატაშის როლს ასრულებდა.