მუდმივად ფეიკების გამავრცელებელ არხს პირდაპირ მიღებული აქვს დავალება სააკაშვილისგან, რომ ნებისმიერი ტყუილის, მათ შორის ამორალური სიცრუის ფასად ხელოვნურად დაამძიმონ სიტუაცია და შექმნან აპოკალიპტური სურათი – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს.
როგორც ლევან ნიკოლეიშვილი წერს, სიუჟეტში საუბარი იყო ვინმე ქალბატონ იარაჯულზე, რომელსაც ნაცმედიის თქმით, გაზი ჩაუჭრეს, ჰყავს შშმ პირი და სოციალური პრობლემების გამო ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდაზიანებები მიიყენა. მისივე თქმით, ამ ამბავს თავიდანვე ღრმა ფეიკის სუნი ასდიოდა, ამიტომ თავი ვალდებულად მიიჩნია ყველაფერი გადაემომწმებინა და არც შემცდარა.
„თამუნა იარაჯულის ქმარი, ავთანდილ ნიშნიანიძე ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს და მისი ანაზღაურება 4 ათას ლარს აღემატება. გარდა ამისა, თავად იარაჯული სახელმწიფოსგან იღებს ყველა საჭირო სერვისს შეუფერხებლად. კერძოდ, მისი 12 წლის შვილი ყოველთვიურად იღებს შესაბამის ფინანსურ დახმარებას შეუფერხებლად. ამასთანავე, არასრულწლოვანი ჩართული იყო ბავშვთა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრებით მომსახურების არაერთ პროგრამაში. ამ დროის მონაცემებით ჩართულია ბინაზე მოვლის პროგრამაში და სარგებლობს ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირის მომსახურებით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ქალბატონო სახელმწიფოსგან ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფილია, ასევე სოლიდური შემოსავალი აქვს მის ქმარს“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.