თეატრისა და კინოს რეჟისორის, ავთო ვარსიმაშვილის განცხადებით, ყველა თეატრალი თეა წულუკიანს ძალიან დიდი იმედით უყურებს. – შესაბამისი განცხადება მან გადაცემაში “იმედი ლაივში” საუბრისას გააკეთა.
რეჟისორმა გადაცემაში კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და გრანტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ახორციელებს.
“ძალიან დიდი ხანია ვხელმძღვანელობ თეატრებს და მსგავსი რამ, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა, სამინისტროს აქტივობის თვალსაზრისით, მე არ მინახავს. თეატრალები ყველა ძალიან კარგად და, რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედით უყურებენ [თეა წულუკიანს]. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გამოგვყვა მართვის საბჭოური სისტემა. თეატრები ჩაკეტილი იყო, იქ არავის უშვებდნენ და ა.შ. პირველად დადგა ამის გადახედვის საკითხი. 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა მინისტრთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ცვლილებებია საჭირო, გამოვდიოდი ფორუმზე, ვსაუბრობდი ამის შესახებ. ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეიმუშავა კანონი თეატრის შესახებ, მაგრამ იმასაც არ მიეცა საშუალება, მერე პარლამენტმა კასტრირებული სახით მიიღო. როგორც იქნა, წელს დაიწყო ძვრები და არ შეიძლება ამას არ მივესალმო. მეტს გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩვენთან არის ასეთი მოძრაობა,” – განაცხადა ვარსიმაშვილმა.