გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად შანიძეები დაიღუპნენ. გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები – 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი.
გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს.
“ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა – მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო. როგორც მითხრა, აქ უკეთესი პირობები ექნებოდა. როგორც გავიგე, უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
AMBEBI.GE გარდაცვლილი ოჯახის კიდევ ერთ ახლობელს ესაუბრა:
“რუსკა ძალიან საყვარელი გოგო იყო, ბევრი ტანჯვა აქვს გამოვლილი… ის და მისი ოჯახი ქირით ცხოვრობდა და სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს. მეტს ვერაფერს გეტყვით, შოკირებული ვარ, ისე მატკინეს გული….” – გვითხრა ოჯახის ახლობელმა.