საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას ესტუმრა, დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა დაათვალიერა და მოუწოდა მისი შემოქმედების მოყვარულთ, გამოიყენონ ბოლო სამი დღე და აუცილებლად ესტუმრონ ეროვნულ გალერეას, ვინაიდან გალერეა სოლიკო ვირსალაძის გამოფენას 13 თებერვლის ჩათვლით მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სოლიკო ვირსალაძის ფონდი, ეროვნული გალერეა და საქართველოს ბანკი.
„გამოფენაზე, რომელიც 14 იანვარს გაიხსნა, წარმოდგენილია მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში დაცული საარქივო ნივთები, ასევე კოსტიუმები კულტურის სამინისტროს სსიპ-ებიდან – ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
სოლიკო ვირსალაძემ შექმნა საკუთარი ხელწერა მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში. უმნიშვნელოვანესია სოლიკო ვირსალაძის როლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ეროვნული ანსამბლის ისტორიაში, ვინაიდან „ქართული ნაციონალური ბალეტი” სუხიშვილებისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა”. პროფესიონალ მხატვარს, თეატრალური ხელოვნების, ქორეოგრაფიის, მუსიკის ღრმა მცოდნეს, შეეძლო მუსიკალური განწყობის შესატყვისი ზუსტი მხატვრული ენის შექმნა სცენოგრაფიაში. სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი თეატრალური სცენოგრაფია მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიგებშია.
სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ გაიმართა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.