უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზადაა, ასეთია ოფიციალური კიევის პოზიცია. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ამბობს, შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენებს და აკონტროლებენ სიტუაციას. მოსალოდნელი საფრთხის გამო თავიანთი მოქალაქეები უკრაინიდან გაჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთს, ლატვიას, ნორვეგიას, ნიდერლანდებს, იტალიას და ახლა უკვე ავსტრალიასაც.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზადაა. მისივე თქმით, 2014 წლისგან განსხვავებით, დღესდღეობით უკრაინული არმია მზადაა.
“უკრაინელი ჯარისკაცები რვა წელია იცავენ საზღვრებს, დიპლომატები აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს და უკრაინელები იმის გაგებით ცხოვრობენ, რომ არსებობს საშიში და მზაკვრული მეზობელი, რომელიც ჩვენს დაშინებას, გატეხვასა და განადგურებას ცდილობს, მაგრამ 2014 წლისგან განსხვავებით, დღეს ჩვენი არმია მზადაა. გუშინ ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად საკონტაქტო ხაზზე ვიყავით.
რა გავიგეთ ჩვენი შეიარაღებული ძალების სარდლობისგან? ის, რომ დღეს ჯარი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო აღჭურვილობით – საწვავიდან იარაღამდე; ის, რომ შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენებს. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ჯარი მზადაა ნებისმიერ დროს მტრის მოსაგერიებლად. ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ომი, მხოლოდ ჯარისკაცებს და იარაღს არ გულისხმობს. მას მრავალი განზომილება აქვს.
ევროპაში ბუნებრივი აირის კრიზისი, კიბერთავდასხმები სამთავრობო რესურსებსზე და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, შეკვეთილი მიტინგები – ყველაფერი ეს ჰიბრიდული ომის ელემენტებია. მათგან ყველაზე საშინელი კი, პანიკის გამომწვევი დეზინფორმაციაა. ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის სწრაფად გავრცელების სამყაროში, როდესაც პანიკა მტრისთვის საჩუქარია. ეს არის პანიკა, რომელიც ანადგურებს სახელმწიფოებს უკეთესად, ვიდრე ტანკები და ტყვიამფრქვევები,” – აცხადებს დენის შმიგალი.