ევროკავშირმა უკრაინას უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივა უნდა შესთავაზოს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომელშიც ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ბულგარეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და შვედეთის პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.
„უსაფრთხოების სფეროში არსებულ მუქარებზე სათანადო პასუხი უკრაინისთვის უფრო ნათელი ევროპული პერსპექტივის, ევროკავშირთან პარტნიორის გაფართოების შეთავაზება იქნებოდა“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისივე თქმით, ვილნიუსი მზადაა, კიევს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიოს.
„ზეწოლა, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის, წარმოადგენს გამოწვევას მთელი დასავლეთისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას. საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.