„სრულად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ახსნას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მგონი, ყველა თანხმდება იმაზე, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება – სამართლებრივი საფუძველი და მეორე – თუ არსებობს უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. დადგენილების მხარდაჭერა, მათ შორის, დეპუტატების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, ხატია დეკანოიძის განცხადების პასუხად.
მისივე თქმით, პრობლემაა, როდესაც საქმე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება და სისტემასა და სახელმწიფოს არ აღიარებენ.
„სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა და საკუთარი დასკვნა წარმოადგინა და ეს არის სამართლებრივი მდგომარეობა. რაც შეეხება პოლიტიკურს – მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა მოცემული სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალურიდან თუ თუ სხვა, დეპუტატებს მოუწოდებდით, რომ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღოთ. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მყარი სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, დამატებითი კრიტერიუმები არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
