„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი იან მალკოლმ ჰოქი ბანკის სხვა აქციონერებს მიმართავს და ხაზარაძე-ჯაფარიძისგან ბანკისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ჰოქის ადვოკატის თქმით, მათ უკვე მიმართეს სააქციო საზოგადოება „თიბისი“ ბანკს იმისთვის, რომ დადგინდეს რატომ არ აქვს ბანკს 2008 წელს გაცემული სესხის მოთხოვნის მექანიზმი.
ჰოქი ამტკიცებს, რომ გაცემულმა თანხამ, მიუღებელ შემოსავალთან ერთად საბოლოოდ 40 მილიონი შეადგინა. ადვოკატის თქმით, არ არის გამორიცხული დავა სასამართლოშიც გაგრძელდეს.
ამასთანავე, მამუკა ხაზარაძემ ბრიტანელი აქციონერის ადვოკატს ბრალი „იმედის“ თანამშრომლობაში დასდო. დიმიტრი ტორაძე აცხადებს, რომ მას ტელეკომპანიაში არასოდეს უმუშავია და რადიო „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
`„არ ვარ რადიო „იმედის“ თანამშრომელი. მამუკა ხაზარაძეს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია მისმა მენეჯერებმა. მე ვიყავი გადაცემაში სტუმარი, შესაბამისად, გულწრფელად მჯერა, ამ ადამიანს ეს გადაცემა არ უნახავს, თორემ რომ ენახა მარტივად მიხვდებოდა ვინ იყო სტუმარი და ვინ წამყვანი. ჰოქის ინტერესია, რომ მოთხოვნის უფლება დაუბრუნდეს „თიბისი“ ბანკს და ბანკმა აწარმოოს ყველა სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები ამ თანხების უკან დასაბრუნებლად“, განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.
